ანდრეი ტარკოვსკი "სარკე" პოეზია კინოში
შეაფასეთ ფილმი

ანდრეი ტარკოვსკი "სარკე" პოეზია კინოში

The mirror
ფილმის სიუჟეტი

ანდრეი ტარკოვსკის "სარკე"- პოეზია კინოში. ანდრეი ტარკოვსკი: „ძალიან ძნელია ამ ფილმზე საუბარი, რადგან ის ჩემთვის რთული და მნიშვნელოვანია. მთელი ჩანაფიქრი რომ გაგიმხილოთ, ძალიან დიდ დროს წაიღებს. რამდენიმე სიტყვით კი ვერაფერს გაგაგებინებთ. მოცემულ შემთხვევაში ამ ჩანაფიქრს ზედმეტად ფრთხილად ვუდგები, ამიტომ ეკრანიზებულ სიუჟეტზე არ ვისაუბრებ. მის საფუძველში ჩადებული მასალა ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ალბათ მასზე მოურიდებელი ლაპარაკიც შესაძლებელია. მაგრამ სურათი „თეთრი, თეთრი დღე“ ხელოვნების სხვა დარგებზე დამოუკიდებელი ყველა დანარჩენ ფილმზე მეტად უნდა გახდეს. მსურს შევძლო საკუთარი აზრები სუფთა კინემატოგრაფიულად, სხვა მინარევების გარეშე გამოვხატო."  "სარკე" ანდრეი ტარკოვსკის შესანიშნავი ნამუშევარია. ეს მისი ყველაზე პირადული ფილმია. გარდა ულამაზესი ოპერატორული ნამუშევრისა, ფილმი ძალიანაა დატვირთული ალუზიებით. ფილმ  "სარკეს" ყველაზე მეტად შეეფერება სიტყვა პოეზია. სარკე ავტობიოგრაფიული ფილმია და მთავარი პერსონაჟის ცხოვრების სხვადასხვა პერიოდს გადმოგვცემს. ანდრეი ტარკოვსკიმ ფილში ჩაურთო მამამისის (არსენ ტარკოვსკი) ლექსები,რომლებიც ფილმის მიმდინარეობისას განსაკუთრებულ ემოციებს აჩენენ. საერთო ჯამში ფილმი არაა კლასიკური ტექნიკით გადაღებული. მას არ გააჩნია მთლიანი და ერთიანი სიუჟეტი. ის სათქმელს ძირითადად ალუზიებით გადმოგვცემს. ულამაზესი და მისტიკური გარემოს და უშუალოდ ფილმში ჩართული პოეზიის გარდა, ვფიქრობ ავტორის პოეტურობა სიუჟეტურ ხაზებშიც ჩანს. ფილმის მთავარი პერსონაჟი მუდმივად ეძებს რაიმე ღირებულს, რაც ტარკოვსკის აზრით საბჭოთა კავშირში ასე იშვიათი იყო. ფილმი  სიზმრების, ოცნებების და ხილვების სურეალისტური სამყაროა. ავტორი თავის დამოკიდებულებას ცოლის, დედის და ზოგადად გარესამყაროს მიმართ კადრებად ქცეული პოეზიით გამოხატავს. ჩემი აზრით არც ერთ ფილმში არაა ისე გაცოცხლებული და ხელშესახები რეჟისორის ემოციები და წარსული, როგორც სარკეში. შემთხვევითი არაა რომ ტარკოვსკიმ სწორედ ლექსები ჩაურთო ფილმს მსვლელობისას, რადგან "სარკე" არის ისეთი ფილმი რომელიც უნდა იგრძნო და არა გაიგო. მამამისის პოეზიის გამოყენებით, რაც ძალზე პირადულია რეჟისორისთვის, ტარკოვსკიმ ბოლომდე გახსნა კარი ჩვენთვის (მაყურებლისთვის). ფილმის მსვლელობისას ოპერატორის ტექნიკაც იცვლება. ფილმი ხან ფერადდება ( ცხოვრების კარგი მომენტები) , ხანაც შავ-თეთრი ხდება ( ცხოვრების უფერული პერიოდები). ზოგადად ანდრეი ტარკოვსკის ახასიათებს მსგავსი ოპერატორული გადასვლები, მაგრამ ამ ფილმში ეს უფრო ამძაფრებს შეგრძნებებს, ვინაიდან როგორც ვთქვი ეს ფილმი უფრო გულისთვისაა ვიდრე გონებისთვის. თუ სივრცესა და რეალობაში აცდენილმა ულამაზესმა კადრებმა გაურკვეველი ემოციები დატოვა, ესე იგი ფილმი მაყურებლამდე მივიდა. ისეთი პირადი და ღრმა ემოციების ეკრანზე გადმოტანა, როგორებიცაა ახლობლების სიყვარული, სიცოცხლის აზრის ძიება, გაუცხოვება და მარტოობა ტარკოვსკის სარკე მაყურებლისთვისაც ახლობელი ფილმი ხდება, რადგან ალბათ თითოეული ადამიანის ცხოვრების ფრაგმენტაციაა შესაძლებელი ფერად და შავ-თეთრ კადრებად. კინოსაც აქვს თავისი პოეზია და ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ტარკოვსკის "სარკე".

  • ქვეყანა: რუსეთი
  • FACEBOOK კომენტარები
    ბოლოს ნანახი